Thursday, June 9, 2011

მართლმადიდებლობა


მართლმადიდებლობა - (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.
მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.


მოძღვრება 

მიუხედავად საღვთისმეტყველო აზრის ინტენსიური მუშაობისა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში (განსაკუთრებით ალექსანდრიაში) და ბრწყინვალე ღვთისმეტყველთა არსებობისა (კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, ბასილი დიდი,გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი, გრიგოლ პალამა...), არ ყოფილა მცდელობა სისტემატური სახე მისცემოდა მოძღვრებას - ამის საჭიროება თითქოს არ იყო, რამდენადაც მოძღვრების ძირითადი უბნები (ქრისტოლოგია, ტრიადოლოგია...) ცალკეულ დოგმატებად ქვეყნდებოდა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა სახით. ეს საკმარისი იყო. მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ მთლიან მოძღვრებას, რომელიც დოგმატთა შინაგან კავშირებზე იყო დაფუძნებული, ეკლესიის შეგნება ინახავდა და ინახავს და სრულებითაც არ საჭიროებს სისტემატიზაციას, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთში თომა აქვინელმა გააკეთა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრადიციულად მართლმადიდებელ ეკლესიაში დოგმატური გადაწყვეტილებების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობაა სავალდებულო თითოეული მისი წევრისთვის. ეს მინიმუმი შეიცავს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს, რომელიც იკითხება ნათლისცემისა და ლიტურგიის დროს და შვიდი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებებს. თუმცა მთელი მოძღვრება ამით არ ამოიწურება, მაგრამ რწმენის ბევრი ფაქტი, მიუხედავად მათი უაღრესი მნიშვნელობისა, დოგმატად არ ჩამოყალიბებულა (მაგ., წმიდანთა თაყვანისცემა, მოძღვრება საიდუმლოთა შესახებ, ესქატოლოგია და სხვ.). აღმოსავლელ (ბიზანტიელ) ღვთისმეტყველთა თითქმის ყველა შრომა დაწერილია როგორც კერძო პასუხი იმ შეხედულებათა საპირისპიროდ, რომლებიც, მათი რწმენით, ამახინჯებდა ძირითად დოგმატებს, როგორიც არის განხორციელების ან სამების საიდუმლო. სისტემატიზაციის პრეცედენტი იყო იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ (VIII ს.), მაგრამ მოგვიანებით, როცა XVII-XVIIIს-სში საჭიროებამ მოითხოვა მართლმადიდებლობას გამოეთქვა თავისი დოქტრინალური ჭეშმარიტებები სისტემის სახით დასავლური ქრისტიანობის წინაშე, დამასკელის შრომა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან იგი არ მოიცავდა მთლიან მოძღვრებას, მოძღვრების ყველა უბანს. ვერც ამ საჭიროების ხანაში, როცა დრომ მოითხოვა მართლმადიდებლობა კათოლიკური სამყაროსა და პროტესტანტული ეკლესიების წინაშე გამოსულიყო თავისი ჩამოყალიბებული საერთო, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მისაღები დოქტრინით, ეს ამოცანა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. დღემდე არ არსებობს მართლმადიდებელი მოძღვრების ერთიანი გადმოცემა, სადაც ყველა პრობლემაზე ზუსტი პასუხი იქნებოდა გაცემული. ეს არამც და არამც არ არის დოქტრინის ნაკლი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის სისტემატიზაცია შეიძლება, მაგრამ არსებობს რეალობა, რომლის სისტემატიზაცია ვერ ხერხდება მისი შინაგანი არსის დაუზიანებლად. მართლმადიდებელი თეოლოგიის პრინციპი, რომელიც გამოსჭვივის ეკლესიის ყველა მასწავლებლის ნაწერებიდან, შეიძლება ამ ერთი ფრაზით გამოიხატოს: ერთადერთი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ღვთის ბუნების შესახებ არის ის, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ეს არის მართლმადიდებლური თეოლოგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი აპოფატიკის ანუ ნეგატიური ღვთისმეტყველების პრინციპი: ღმერთზე უმჯობესია ითქვას, რა არ არის იგი. ღმერთი ყველა განსაზღვრებასა და სახელწოდებაზე განუზომლად მაღლა დგას. როგორც დიონისე არეოპაგელი წერს, ღმერთი არ არის არც გონება, არც სიტყვა, არც აზრი, არც სიდიდე, არც ძალა, არც სინათლე, არც სიცოცხლე, არც დრო, არც მარადისობა და ა. შ. უსასრულოდ, რადგან თავად ღმერთის ბუნებაა უსასრულო. ყოველი განსაზღვრება საზღვარს უდებს უსასრულობას. ამრიგად, ღმერთი ვერ იქნება შემეცნების საგანი (რამდენადაც საგანიც კი არ არის). ღმერთი პრინციპულად შეუცნობელია. თუ რამ შეცნობილია მასში, ეს მისი შეუცნობლობაა. შესაბამისად, შემეცნება (იგივე ღვთისმეტყველება) უსასრულო გზაა, ღვთისმეტყველი (თუნდაც, უბრალოდ ქრისტიანი ადამიანი) მგზავრია ამ დაუსრულებელ გზაზე. ღვთის შემეცნების კიბეზე არ არსებობს უკანასკნელი საფეხური. დასრულებულ სისტემაში მოქცეული ღმერთი აღარ არის ღმერთი. პრინციპულად, ქრისტიანული მოძღვრება არ შეიძლება დასრულდეს შემეცნებაში ღვთის ჭეშმარიტი ბუნების დაუზიანებლად.

No comments:

Post a Comment