Thursday, June 9, 2011

ეკლესია და ტაძარი


მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი - ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).
თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკახომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს - სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).
ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების - წირვა-ლოცვის დაწყებას.

წმინდანთა თაყვანისცემა

ეკლესია წმიდანებად შერაცხავს სარწმუნოებისთვის წამებულთ და ეკლესიისთვის განსაკუთრებულად ღვაწლმოსილ ადამიანებს - მათი ნეშტები თაყვანისცემის საგნებია, ისინი დაცულია ეკლესია–მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ.
ქრისტიანული ეკლესიის უპირველესი წმიდანი ღვთისმშობელია, რომელიც ყოვლად წმიდად იწოდება. ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი, არის ყოველი ქრისტიანის, ვინც კი მას ლოცვისას მიმართავს, მეოხი მისი ძის წინაშე. მარიამის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის, თაყვანისცემა ქრისტიანულ ეკლესიასა და საზოგადოებაში უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ საბოლოო დოგმატური განსაზღვრება ეფესოს კრებაზე (431 წ.) მიიღო, როგორც შედეგმა ქრისტეს ორბუნებოვნობის აღიარებისა.
მართლმადიდებლური რწმენით, წმ. მარიამი არ არის მხოლოდ საშუალება ღვთის ძის შობისა, მისი პატივი დამოუკიდებელი პატივია, როგორც ადამიანისა, რომელმაც შეგნებულად, უყოყმანო და უეჭველი რწმენით იტვირთა ეს საკაცობრიო ამოცანა, ღვთაებრივი განგების აღსრულება, ადამიანურად მძიმე, რადგან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის სულში გაივლიდა მახვილი (ლუკა, 2:35), იგულისხმება მისი ძის აღსასრული ჯვარზე.
მოწამენი ისინი არიან, ვინც თავიანთი სიცოცხლით (სისხლით) დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. მოწამენი დევნილების ხანიდან ჩნდებიან ეკლესიის ცხოვრებაში და მათმა მოწამებრივმა სიკვდილმა განამტკიცა რწმენაში ეკლესია. რომ არაფერი ვთქვათ რომში წამებულ მოციქულებზე (მოციქულთა თავად წოდებულებზე) პეტრესა და პავლეზე.მოწამეთა შორის გამორჩეულნი და განსაკუთრებულად ცნობილნი არიან დიდმოწამენი: ძლევამოსილი წმ. გიორგი, კაბადოკიელი მხედარი, რომელიც დიოკლეტიანესდროს ეწამა (303 წ.) და ქალწული ბარბარე (თითქმის იმავე დროს).
წმიდანთა შორის არიან აღმსარებელნი, რომელნიც თუმცა იტანჯნენ სარწმუნოებისთვის, მაგრამ გადარჩნენ. ასეთია VI საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც გადასახლებაში (კერძოდ, ლეჩხუმში) დაასრულა სიცოცხლე.
წმიდანები მოიხსენებიან ქრისტიანის მიერ ყოველდღიურ ლოცვებში, მლოცველი შესთხოვს მათ მეოხებას მამაღმერთისა და ქრისტეს წინაშე. არსებობენ საყოველთაო (მსოფლიო) ეკლესიის წმიდანები და ადგილობრივი ეკლესიების (საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის...) წმიდანები. საყოველთაო წმიდანებია: მოციქულნი, რომელთაგან უმეტესობამ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე; ძველი აღთქმის პატრიარქები; ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი, რომელთა ღვაწლმა სიწმიდე შეუნარჩუნა ეკლესიას, რომელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ქრისტიანული მოძღვრება.
ეკლესიის რწმენით, წმიდანთა სულიერი ძალის აქტივიზაცია განსაკუთრებით საღვთო ლიტურგიის პროცესში ხდება: ისინი უსხეულო ძალებთან (ანგელოზებთან) ერთად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში, ეკლესიის კედლებიდან გადმომყურე მათი ხატები მდუმარედ ესწრებიან ლიტურგიას.

No comments:

Post a Comment