Thursday, June 9, 2011

ლოცვა და ბერმონაზვნობა

ლოცვას წმიდა მამები „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას“ უწოდებენ, ანუ ლოცვა ქრისტიანული მოძღვრების ერთგვარი გამოხატულებაა. ლოცვა არ არის მხოლოდ მონოლოგი მლოცველისა, ლოცვაში უფლის პასუხიც მონაწილეობს. მართლმადიდებლისთვის ლოცვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დღეში ორჯერ მაინც (დილით ადგომისას და საღამოთი, ძილის წინ) ლოცულობს ხატებისა და ანთებული სანთლის წინ. დაწესებულია ლოცვები ასევე ყოველი საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, საზრდელის მიღების წინ და საზრდელის მიღების შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ლოცვა ეფრემ ასურისა სინანულისთვის და სხვა შემთხვევებისთვის. დილის ლოცვებში მლოცველი ავედრებს იესო ქრისტეს სამოციქული ეკლესიას, ღვთივ დაცულ ერს, საეკლესიო იერარქიას, თავის მოძღვარს, თავის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, მოხუცებულთ და ყრმათ, დავრდომილებს, ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფთ, ქრისტიანობის გამო დევნილთ; მლოცველი წყალობას გამოითხოვს უფლისგან თავისი მაჭირვებლებისთვის, რომლებიც უსჯულოებას სჩადიან მის მიმართ, ევედრება მას არ დასაჯოს ისინი, არამედ მოაქციოს სიკეთისკენ. მლოცველი არ ივიწყებს მართლმადიდებლობის უარმყოფელთ და შესთხოვს უფალს, მოაქციოს ისინი. მლოცველი ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისთვის - მშობლები და ღვიძლი ნათესავები იქნებიან თუ ახლობელ-მეგობრები. ყოველ მლოცველს, ჩვეულებრივ, თავის შესავედრებელთა სია აქვს და მათ ჯანმრთელობას თუ სულის განათლებას შეავედრებს უფალს.



ბერმონაზვნური და სამონასტრო ცხოვრება მართლმადიდებლობის მუდმივი თანამდევია. მისი ტრადიციულობა და ერთგულება ადრექრისტიანული ხანისადმი ამაშიც გამოიხატება.
ბერმონაზვნობის განსაკუთრებით განდეგილური სახე გამოწვეული იყო მრავალწილად იმ გარემოებით, რომელიც შეიქნა ეკლესიაში ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და მისთვის პრივილეგიების მინიჭების შემდეგ და, საზოგადოდ, მისი ტრიუმფის პირობებში. ჭეშმარიტ რწმენასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივებით ერობა მოაწყდა ეკლესიას და სეკულარიზაციის საფრთხე შეუქმნა მას. აზრიც გავრცელდა, რომ წუთისოფელში ხსნა შეუძლებელი იყო და მორწმუნე უნდა გასცლოდა ამ სოფელს. გაჩნდა ამ წუთისოფლის ცოდვილობის გამძაფრებული განცდა.
ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, გაუჩნდა მოთხოვნილება, მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ასკეტური და მჭვრეტელობითი მოღვაწეობისთვის განდგომილებასა და მარტომყოფობაში. ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლს, ქალაქს, მშობლებს, ნათესავ–მეგობრებს და უკაცრიელ ადგილებში, უდაბნოებში, გადახვეწილნი მთელ ცხოვრებას თავიანთი სულისა და ყველა ადამიანის სახსნელად ლოცვა-ვედრებაში ატარებენ. ბერმონაზვნობა რამდენიმე ტიპისაა. არიან განდეგილნი და მარტომყოფნი, დაყუდებულნი; არიან საზოგადოებებად გაერთიანებულნი, რომლებიც ემორჩილებიან სამონასტრო ცხოვრების კანონს. ასკეტიზმი აქ ნაკლებია, სამაგიეროდ, ისინი ეწევიან როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას (ხელნაწერთა გადაწერა, ხატწერა და სხვ.), ასევე ქველმოქმედებას. დროთა ვითარებაში მონასტრები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა.
ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე. წ. შავ სამღვდელოებად, განსხვავებით თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება.


No comments:

Post a Comment