Thursday, June 9, 2011

ათანასეს რწმენის სიმბოლო


ვისაც სურს გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა უნდა ჩაეჭიდოს კათოლიკურ რწმენას, თუ ვინმე არ შეინახავს რწმენის მთლიანობასა და განუყოფლობას, დაიღუპება საუკუნოდ. ეს საყოველთაო რწმენა კი მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი სამებაში და სამება ერთში, პიროვნების აურევლად და არსებათა განუყოფლად, რადგან სხვა პიროვნებაა მამა, სხვაა ძე, სხვაა სულიწმინდა. მაგრამ მამისაც, ძისაც და სულიწმინდის ღვთაებრივობა ერთია, დიდება თანასწორი და დიდებულება მარადიული. როგორიცაა მამა, ისეთივეა ძე. როგორიცაა ძე, ისეთივეა სულიწმინდა. მამა არ შექმნილა, ძეც არ შექმნილა და არც სულიწმინდა. მამა უსასრულოა, ძეც უსასრულოა და უსასრულო და მარადიულია სულიწმინდაც. თუმცა არა სამი მარადიული, არამედ ერთი მარადიული. ისევე, როგორც არა სამი შეუქმნელი და სამი უსასრულო, არამედ ერთი შეუქმნელი, ერთი უსასრულო. ამის მსგავსად მამა ყოვლისმპყრობელია, ძეც ყოვლისმპყრობელია, სულიწმინდაც ყოვლისმპყრობელია, თუმცა არა სამი ყოვლისმპყრობელი, არამედ ერთი ყოვლისმპყრობელი. ისე როგორც მამაა-ღმერთი, ძეა-ღმერთი, სულიწმინდაა-ღმერთი. თუმცა არა სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი. ასევე მამაა-უფალი, ძეა-უფალი, სულიწმინდაა-უფალი, თუმცა არა სამი უფალი, არამედ ერთი უფალი. რადგან ისე, როგორც ქრისტიანული ჭეშმარიტება აგვძრავს ჩვენ თითოეული იპოსტასი ცალ-ცალკე ვაღიაროთ ღმერთად და უფლად, ასევე საყოველთაო კეთილგონიერება გვიკრძალავს ვილაპარაკოთ, რომ სამია ღმერთი ან სამია უფალი. მამა არავისგან არ შექმნილა, არ დაბადებულა. ძე ერთი მამისაგან არ შექმნილა, მაგრამ დაიბადა. სულიწმინდა მამისაგან არ შექმნილა, არ დაბადებულა, მაგრამ გამომავალია (მამისგან და ძისგან. დასავლეთის ეკლესიები). ამრიგად, ერთი მამა და არა სამი მამა, ერთი ძე და არა სამი ძე, ერთი სულიწმინდა და არა სამი სულიწმინდა და მთელ სამებაში არ არის პირველი და უკანასკნელი, არ არის დიდი ან მცირე, არამედ სამი იპოსტასი, ერთი მეორესთან სრულყოფილად შერწყმული და თანასწორი. ისე , რომ ადრე ნათქვამის მიხედვით ყველაფერში უნდა მივუძღვნათ თაყვანისცემა სამებას ერთში და ერთს სამებაში. თუმცა საუკუნო გადარჩენისათვის აუცილებელია ღრმად გვწამდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განსხეულება, რადგან მართალი რწმენა ესაა რწმენა და აღიარება იმისა, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და ადამიანი. ის არის ღმერთი დაბადებული მამის არსებიდან საუკუნეთა უწინ. ის არის ადამიანი დაბადებული დედის არსებიდან. ის არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი გონებით, სამშვინველით და ადამიანური სხეულით. ის თანასწორია მამისა, როგორც ღმერთი, ასევე მცირეა მამაზე, როგორც ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ღმერთიც და ადამიანიც, ის არ არის ორი, არამედ ერთი ქრისტე. ერთია ის, თუმცა არა ღვთაების ადამიანის სხეულად გადაქცევით, არამედ თავისი ადამიანური ბუნების ღვთიურში შერწყმით. ის ჭეშმარიტად ერთია, მაგრამ არა ბუნების აღრევით, არამედ პიროვნების ერთობა. ისე, როგორც გონიერი მშვინვა და სხეული შეადგენს ერთ ადამიანს, ასევე ღმერთი და ადამიანი გახდა ქრისტე. ის ეწამა ჩვენი გადარჩენისათვის, ჩავიდა ჯოჯოხეთში, აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცაში და დაჯდა მამის დიდებაში. ის მოვა ზეციდან, რათა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები. როცა ის მოვა, ყველა ადამიანი აღდგება სხეულში და ანგარიშს ჩააბარებენ თავისი ნამოქმედარისთვის. ისინი, ვინც კეთილს იქმოდა, წავლენ საუკუნო სიცოცხლეში, ისინი კი, ვინც ბოროტებას იქმოდა, საუკუნო ცეცხლში. ეს არის არსი საყოველთაო რწმენისა. ვისაც არ სწმას მისი მიძღვნილად და მტკიცედ, ვერ გადარჩება ”

წესჩვეულებები და ღვთისმსახურება

საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.

No comments:

Post a Comment