Thursday, June 9, 2011

ხატების თაყვანისცემა


მართლმადიდებელი ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების ხატების გარეშე. ისევე, როგორც სახარებები სიტყვიერად გადმოსცემენ იესოს, ღმერთკაცის მიმოსვლას მიწაზე, მის მიწიერ ცხოვრებას, ასევე ხატები სახიერად წარმოგვიდგენენ მას.
ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატი და საიდუმლო, რაც, პრინციპში, ღვთის განხორციელება-განკაცების საიდუმლოა, საფუძვლად უდევს და ამართლებს ხატის არსებობას (შესაძლებლობას). ამავე დროს ხატი, თავის მხრივ, ადასტურებს განხორციელების საიდუმლოს.
ხატმობრძოლეობამ, რომელიც მთელი საუკუნენახევარი გრძელდებოდა მთელ ქრისტიანულ იმპერიაში (საქრისტიანოში), ღვთისმეტყველები აიძულა ხატებისთვის მეტაფიზიკური გამართლება მიეცათ. ხატების საზრისისა და მნიშვნელობის დასაბუთება იოანე დამასკელს (650-730) ეკუთვნის, რომელმაც პირველმა შეადგინა მართლმადიდებელი (სწორი) სარწმუნოების მოკლე კატეხიზისი. იმდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი სამყაროსთვის ხატების თაყვანისცემა, რომ მისი აღდგენის თარიღი (843 წ.) მართლმადიდებლობის ზეიმის სახელწოდებით არის შესული საეკლესიო კალენდარში (აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას).
VII მსოფლიო კრებამ ამგვარად შეაფასა და გამოხატა ხატების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება: „ჩვენ უცვლელად ვინახავთ ყველა საეკლესიო გადმოცემას, წერილობით იქნება თუ არაწერილობით. ერთ-ერთი მათგანი გვავალებს შევქმნათ ფერწერული ხატები, რადგან ეს ეთანხმება სახარებისეულ ქადაგებას, ადასტურებს, რომ ქრისტე ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად განკაცდა...“
ხატი, პორტრეტისგან განსხვავებით, არ გამოხატავს ადამიანის მიწიერ მდგომარეობას ან მის ფსიქოლოგიას, თუნდაც სიღრმისეულ შინაგან სამყაროს. ხატი წარმოგვიდგენს წმიდანის განღმრთობილ სახეს სულიერი სხეულით, რომელსაც აღარ ეკარება სიკვდილის ხრწნილება. ხატი გამოხატავს წმიდანის ისეთ სახეს, როგორსაც მკვდრეთით აღმდგარი და მარადიულობას ნაზიარები ადამიანები შეიმოსავენ. ხატის სივრცეც არ არის ჩვეულებრივი, აქტუალური, სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც მოკვდავნი იმყოფებიან. მას არა აქვს უკანა პლანი, არ ჩანს სიღრმე, რაშიც რაიმე დაფარული იქნება, რაც აბსოლუტური ცოდნის განცდას ქმნის. ხატზე ყველაფერი ჩანს ერთდროულად, როგორც მარადისობაში, ანუ დრო სივრცედ არის ქცეული და ყველა დრო ერთჟამობაშია მოცემული, როგორც ერთი მარადიული წამი. ხატს არ ახასიათებს პერსპექტივა, როგორც ჩვეულებრივ ნახატს. ყველაფერი - ახლობელი და შორეული საგნები წინა პლანზეა. ხატზე არ ჩანს გარეგანი შუქის წყარო, რომელიც ჩრდილებს დააფენდა საგნებზე. ყველაფერი დაუსაბამო ღვთიურ ნათელშია განზავებული, როგორც ესაიას აქვს ნათქვამი მომავლის წინასწარმეტყველებაში: „აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება აღარ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი შენ დიდებად“ (ეს. 60:19).
ამრიგად, ხატზე გამოსახული წმიდანი და მის წინაშე მლოცველი სხვადასხვა განზომილებაში იმყოფებიან: განღმრთობილი წმიდანი სულიერად გარდაქმნილ სამყაროდან ეპასუხება მლოცველს, როგორც შუამავალი ამ წუთისოფელსა და ღვთის სასუფეველს შორის. ხატის საზრისი არის ლოცვა, ხოლო ლოცვა, თავის მხრივ, საიდუმლო რიტუალია.
ამიტომ არავითარი საერთო ხატებს რელიგიური შინაარსის მხატვრობასთან არა აქვს. ეკლესია არ უარყოფს რელიგიურ მხატვრობას, მაგრამ მას არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან მას არანაირი კავშირი არა აქვს ლოცვასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ფუნქცია აქვს. მის უკან არავითარი მეტაფიზიკური სინამდვილე არ არის.
ჩვეულებრივ, ეკლესიის კედლები მოხატულია ძველი და ახალი აღთქმის სცენებით გარკვეული წესის მიხედვით: გუმბათზე გამოსახავენ ქრისტე პანტოკრატორს (ყოვლისმპყრობელს) გადაშლილი წიგნით ხელში განკითხვის დღეს, საკურთხევლის აფსიდზე - ღვთისმშობელს ყრმით ხელში, როგორც ხიდს მიწასა და ცას შორის, საკურთხევლის კედლების ზემო რეგისტრზე ანგელოზებს, ქვემოთ - მოციქულებს, ეკლესიის მამებს - გრიგოლ ღვთისმეტყველს, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს; კანკელზე ღვთისმშობლის, ქრისტეს და მთავარანგელოზთა ხატებია განლაგებული. დასავლეთის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა.
ფრესკებს არა აქვთ იგივე დანიშნულება, იგივე ღირსება, სიწმიდე და ძალა, რაც ხატებს. ისინი დამხმარე საშუალებებია წმიდა წერილის გასაგებად და გასახსენებლად. ამბობენ, ფრესკები წერაკითხვის უცოდინართა ბიბლია არისო. მართლაც, უბირი ადამიანები წარმართობის წრიდან ხატების მეშვეობით უკეთ ხვდებოდნენ განკაცების საიდუმლოებას, ვიდრე წიგნიდან. ამიტომაა, რომ ხატები და, საზოგადოდ, საეკლესიო ხელოვნება ასრულებდა მორწმუნეთა რწმენაში განმტკიცების ფუნქციას.
ხატების გარდა, ყოველ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას საერთო და თავისი სიწმიდეები (მაგ., ღვთისმშობლის ხალენი, იოანე ნათლისმცემლის მუხლისთავი), ასევე სათაყვანო წმიდა ადგილები აქვს (იერუსალიმი, სინას მთა, ათონის მთა, მცხეთა).

No comments:

Post a Comment