Thursday, June 9, 2011

საღმრთო ლიტურგია


ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტურგიებს შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს სამი სახის ლიტურგია სრულდება: იოანე ოქროპირის (მთელი წლის განმავლობაში), ბასილი დიდის (მხოლოდ დიდმარხვის კვირადღეებში) და გრიგორი რომის პაპისა პირველშეწირულის წირვის სახელწოდებით (დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს). ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზოგიერთ ლოცვაშია. პირველშეწირული ლიტურგია თავისებურია: ამ დროს არ ხდება ხორცისა და ღვინის გარდაარსება, მორწმუნენი წინა კვირას შეწირულს ეზიარებიან, რადგან დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს ძღვენი არ შეიწირება.
უძველესი ლიტურგიებიდან იაკობის ლიტურგია აღსრულდება იერუსალიმის ეკლესიაში წელიწადში ერთხელ.
ლიტურგიის, ანუ სხვანაირად, ჟამისწირვის საბოლოო მიზანია ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, ანუ ევქარისტია, და იგი სამ ნაწილად განიყოფება. პირველ ნაწილში, რომელსაც პროსკომიდია (ბერძნ. „მომზადება“) ეწოდება, ხდება შემოწირული პროსფორების (საფუვრიანი პურის კვერების) კვეთა. ამ დროს იკითხება დასაწყისის და მოსამზადებელი ლოცვები. მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, იგი მთავრდება სამოციქულოსა და სახარების კითხვით, რასაც კათაკმეველნიც ისმენენ (ძველად უშუალოდ სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამდა ქადაგებას წაკითხულის თემაზე. ახლა ეს ნაწილი გადატანილია ლიტურგიის ბოლოს). მღვდლის ძახილზე „კათაკმეველნო, განვედით!“, კათაკმეველნი გადიან ეკლესიიდან, რადგან მათ არა აქვთ უფლება დაესწრონ მართალთა ლიტურგიას, როცა სრულდება ჟამისწირვის გადამწყვეტი საიდუმლო - კვეთილი პროსფორებისა და შემოწირული ღვინის გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად. საკუთრივ ევქარისტიის საიდუმლო ქმედება (რიტუალი) იწყება „რომელნი ქერუბიმთას“ საგალობელით, რომელიც მოუწოდებს მღვდელმსახურთ აღივსონ ღვთის შიშით და დაუტეონ ყველა ამქვეყნიური ზრახვა და საზრუნავი და ქერუბიმებს (ანგელოზთა უმაღლესი დასი) მიმსგავსებულნი შეუდგნენ მსახურებას. პურისა და ღვინის საიდუმლო (უხილავი) გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება საკურთხეველში სულიწმიდის მოხმობით (ეპიკლესისი).
წმიდა ნაწილს ჯერ სამღვდელონი ეზიარებიან დახურულ საკურთხეველში. შემდეგ მღვდელს წმიდა ნაწილი ბარძიმ-ფეშხუმით გამოაქვს აღსავლის კარიდან ტაძარში და აზიარებს მრევლს. ბარძიმ-ფეშხუმის წმ. ტრაპეზზე გადაბრძანების შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს ქადაგებას, განმარტავს რა სახარების საკითხავს და ილაპარაკებს წმიდანის ღვაწლზე, რომელსაც ახსენებს იმ დღეს ეკლესია, დამოძღვრავს მრევლს, ამთხვევინებს ჯვარზე და დაითხოვს.
მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ქმედებაში წარმოგვიდგენს ქრისტეს გზას შობიდან აღდგომამდე და მის მოძღვრებას. მისი არსის გამოსახატავად შეგვიძლია გავიმეოროთ II-III საუკუნეების ღვთისმეტყველ ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომ „ჩვენი მოძღვრება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ევქარისტია კი თავის მხრივ ადასტურებს მოძღვრებას“.

დღესასწაულები (წლიური ციკლი) 

ამ ეტაპზე მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა (იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიების გამოკლებით) საღვთისმსახურო პრაქტიკაში ახალ სტილს იყენებს, მაგრამ აღდგომის თარიღს ძველი, იულიანური კალენდრით ადგენს.
საკუთრივ საეკლესიო წელიწადი იწყება 1 სექტემბერს (ახალი სტილით 14 სექტემბერს). საეკლესიო წელიწადი შედგება ყოველდღიური ღვთისმსახურებისგან და დღესასწაულებისგან. მთელი წლის განმავლობაში ეკლესია იხსენებს წმიდანებს, თითოეულ მათგანს თავისი დღე აქვს განკუთვნილი. დღესასწაულები დაწესებულია: 1) ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ხდომილებების (შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება, ფერისცვალება) აღსანიშნავად, 2) ღვთისმშობლის თაყვანსაცემად (შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მიძინება...), 3) უსხეულო ძალთა (ანგელოზთა და მთავარანგელოზთა) და 4) წმიდანთა თაყვანსაცემად, 5) ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების სამახსოვროდ (სულთმოფენობა, ჯვართამაღლება, მსოფლიო კრებები და სხვა მოვლენები).

No comments:

Post a Comment